ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გაიხსნა

ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გაიხსნა

ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, დღეს 6 ოქტომბერს გაიხსნა, - 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ასაფრენმა ბილიკმა პირველად მიიღო.
რაჭა-ლეჩხუმის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დაწყება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა და რეგიონის მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.
ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რის შესახებაც განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 16 აგვისტოს გააკეთა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.
ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 125 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც 75 ადგილობრივი მცხოვრები იყო. 
ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურვება და 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს.
საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის მიმართულების, უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

Back to Top