ქალაქ ამბროლაურში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება

ქალაქ ამბროლაურში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება

19-20 აპრილს, ქალაქ ამბროლაურში,ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მეორე ეტაპი-რეგიონალური თამაშები. ქალაქის I და II საჯარო სკოლების წარმატებული გუნდების მეტოქეები იქნებიან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამარჯვებული სკოლები. გუნდები ერთმანეთს სპორტის შვიდ სახეობაში დაუპირისპირდებიან და წარმატების შემთხვევაში საკუთარ სკოლას და მუნიციპალიტეტს ოლიმპიადის ფინალურ თამაშებზე წარადგენენ, რომელიც ანაკლიის მომავლის ბანაკში გაიმართება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე.

ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

Back to Top