საჭადრაკო ფესტივალი ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2016"

საჭადრაკო ფესტივალი ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2016

ქალაქი ამბროლაური საჭადრაკო ფესტივალს ,,გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაჭა 2016“-ს მასპინძლობს. საქართველოს მაშტაბით, თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალური რაიონის 114 მოჭადრაკე ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს და ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2016 წლის 7 აგვისტოს გაიმართება, მოიპოვოს ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული (სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში). ფესტივალს ორგანიზებას უწევს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაცია და ქალაქ ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა. საპატიო სტუმრის რანგში ტურნირს ესწრება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის 2015-ის მფლობელი, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი, მერი არაბიძე. ტურნირს მსაჯობენ საერთაშორისო არბიტრი, ალექსანდრე არსენიძე და საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია ,,FIDE" -ს არბიტრი, ინგა კიკვიძე. ფესტივალზე ქალაქ ამბროლაურის მერმა რატი ნამგალაძემ და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ მოჭადრაკეებთან ერთად სიმბოლურად პირველი სვლა გააკეთეს და ტურნირი გახსნილად გამოაცხადეს. აღნიშნულ ფესტივალს ქალაქი ამბროლაური სამი წელია მასპინძლობს და მონაწილეთა რაოდენობაც ყოველწლიურად მზარდია, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს ახალგაზრდებში.

Back to Top