მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

05.22.18

21 მაისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დასკვნითი შეხვედრა იწის, სხვავისა და ქ.ამბროლაურის მოსახლეობასთან გამართა.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე წარმოდგენილმა მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც მხარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დაწყებულია ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის ასფალტირება, ქ. ამბროლაურში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, იგეგმება ,,სანაპიროს" მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, ნაპირსამაგრების მოწყობა... 
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებსაც, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით...

შეხვედრამ, რომლის ძირითად მიზანს 2019-2022 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო, პრობლემატურ საკითხებზე პასუხები პირადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან მოესმინათ.