გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

05.28.18

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს ისტორიას ბევრი თავგანწირული ბრძოლა ახსოვს სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის. ბრძოლები, რომელთაც უკვალოდ არ ჩაუვლიათ… 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც დღესასწაულია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია მისი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს მხარეში და ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. განსაკუთრებით ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომელთაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ამასთან მინდა უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე.

დღეს, 100 წლის შემდეგ, გამოწვევები კვლავ ბევრი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განვითარდება როგორც დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მომავალში აღარასოდეს დადგება საფრთხის წინაშე.

მჯერა, რომ მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით ყველა პრობლემის დაძლევას მოვახერხებთ და ერთად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელსაც ერთიანი, ძლიერი და სიცოცხლით სავსე საქართველო ჰქვია!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ!

ზვიად მხეიძე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი