უფასო გასინჯვების აქცია რაჭაში

06.06.18

8-9 ივნისს, მხარის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, ,,საქართველოს ონკოლოგიური პათოლოგიების პრევენციის ფონდის" ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ამბროლაურში გაიმართება უფასო გასინჯვების აქცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

 პროფესიონალ ექიმთა გუნდი ( ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, რადიოლოგი-ექოსკოპისტი, ენდოკრინოლოგი...) ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარებს სამედიცინო კვლევებს, რომელიც მოიცავს უფასო კონსულტაციებს, სისხლში გლუკოზის განსაზღვრას, ექოსკოპიურ, კარდიოლოგიურ გამოკვლევებს და სხვა...

 აქციის ფარგლებში პაციენტებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის მედიკამენტებიც, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის კომპანია ,,ავერსმა" გამოყო.

უფასო გასინჯვები გაიმართება 8-9 ივნისს, 10.00 -17.00 სთ. მისამართი: ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!