ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში

07.10.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, იმართება აქცია სახელწოდებით ,,ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“. 

აქციის ფარგლებში, მთელი თვის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენა-გაყიდვები, სპეციალური დღეები, საქველმოქმედო საღამოები...

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიზანია ხელი შუწყოს რეგიონის გამოცოცხლებას, რაჭის პოპულარიზაციის გაზრდას და მიგრაციის შემცირების მიზნით, აქ მუდმივად მცხოვრები ოჯახების წახალისებას. 

,,ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ არის პირველი აქცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და თითოეული ადამიანის მიერ გამოჩენილი კეთილი ნებით, შესაძლებელი იქნება რაჭის მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების ხელშეწყობა. 

აქციაში ჩართვის მსურველებს საშუალება აქვთ მხარდაჭერა გამოხატონ სხვადასხვა სახით:

 9-დან 15 ივლისის ჩათვლით მოხდება ტანსაცმლის, წიგნების, სათამაშოების, სხვადასხვა საოჯახო ნივთების შეგროვება, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გადასცენ ნივთები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს; (მის: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. N39, მეორე სართული - ზრდასრულთა განათლების ცენტრი)
 კონკრეტულ დღეებში, ქ. ამბროლაურში, მაღაზიებთან დაიდგმება სპეციალური ყუთები, სადაც მყიდველებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ შენაძენთან ერთად, აქციის ფარგლებში დამატებით შეიძინონ +1 იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.
 გამოიყოფა სპეციალური დღეები კომპანიებისთვის, სლოგანით - მაგ: ,,15 ივლისი - X კომპანია რაჭისთვის“ და ამ დღეებში განხორციელდება კონკრეტული კომპანიის მიერ დაგეგმილი აქცია;

დასკვნით ღონისძიებაზე ყველა მონაწილე საჯარო თუ კერძო კომპანიას გადაეცემა სპეციალური ,,მადლობის სერთიფიკატი“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. 

 თითოეული ჩვენგანის მონდომებით და ერთად გაკეთებული კეთილი საქმით, რაჭაში მცხოვრები ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ!

სიკეთე ქმნის სიკეთეს!