ამბროლაურის კუდოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.

11.29.18

1-2 დეკემბერს, იაპონიაში - ქ. ნაგოიაში, გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი კუდოში, სადაც პირველად საქართველოს ისტორიაში, მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. მსოფლიო პირველობაზე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს 8 სპორტსმენი წარადგენს, რომელთა შორის ამბროლაურის სასპორტო სკოლის კარატე kudo-ს სპორტსმენები - ანა რეხვიაშვილი და ლაშა ლომთაძე იასპარეზებენ (მწვრთნელი - დავით დუშუაშვილი).

 საქართველოს დელეგაციის მომზადებასა და გამგზავრებას სრულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი.

 დღეს, რაჭველ ახალგაზრდებს და მათ მწვრთნელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე შეხვდა, მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ტურნირებში მოპოვებული არა ერთი გამარჯვებისთვის და წარმატება უსურვა მომდევნო ასპარეზობებში.

 სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას.