სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

01.23.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

21 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 12 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლების უმრავლესობაში უპირატესობა გარე განათების, სარიტუალო დარბაზებისა და თავშეყრის ადგილების მოწყობას მიენიჭა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 21 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.