შეხვედრა სოფელ ნიკორწმინდის მოსახლეობასთან

04.02.19

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ამბოლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე სოფ. ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ.

 რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფელში არსებულ მდგომარეობას და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილმა მოსახლეობამ პირადად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც მხარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დაწყებულია ნიკორწმინდის ტაძრისა და მომდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობების რესტავრაციას, ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სკვერის მოწყობასა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობას. გარდა ამისა მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის 26კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება, რომლის ღირებულება 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ორივე პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ სოფლებისთვის, რომლებსაც უშუალოდ უკავშირდება, არამედ მთლიანი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზეც" ისაუბრეს, რომლის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და მოსახლეობამ თავად შეარჩია განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.