ამბროლაურში კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

05.29.19

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქალაქ ამბროლაურში გასვლითი მოსმენა გამართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე , პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი-გოჩა ენუქიძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხები და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხიძემ, სიტყვით გამოსვლისას, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ადგილზე დეცენტრალიზაციის ძირითად გამოწვევებს.

,, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება,
თუმცა განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტას საჭიროებს.

პრობლემას ვაწყდებით დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის დროს, რომელსაც თან არ ახლავს სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა, ასევე მკაფიოდ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების ქონების განსაზღვრა და მისი გამიჯვნა სახელმწიფო ქონებისაგან, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დარეგულირებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საკითხი, გარკვეული ხარვეზები შეინიშნება ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მუშაობაში და სხვა...

დელეგირებული უფლებამოსილების გაძლიერება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მეტად განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდას" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.