საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭას ესტუმრა

06.04.19

2 ივნისს, საქართველოს პრემიერ -მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში მან, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას გააცნო გადაწყვეტილება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათისთვის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სოფელი გამორჩეულია რაჭული ოდა სახლებით,რომელთა უმრავლესობა 100 წელზე ძველია.

პრემიერმა ამბროლაურში ახლადაშენებული მტკნარი წყლის, რაჭული ლორისა და ღვინის საწარმოებიც დაათვალიერა.

მტკნარი წყლის საწარმო „იწის წყლის“ მშენებლობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 850 000 აშშ დოლარი შეადგინა. რაჭული ლორისა და ღვინის საწარმოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით აშენდა. 
ორივე საწარმოში ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 40% სახელმწიფო გრანტი, 50% იაფი კრედიტი, ხოლო 10% კერძო ინვესტიციაა.

პრემიერი ღვინის საწარმოში პირველი ბოთლის ჩამოსხმას დაესწრო და სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე ნიკორწმინდის ტაძრის რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა გარე ფასადზე, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, იატაკის, სარკმელების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა. ასევე, დაათვალიერა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც მოიცავს სოფლის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობას, აგრეთვე სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობას. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 004 780 ლარს შეადგენს.

პრემიერ მინისტრთან ერთად, რაჭას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სტუმრობდნენ.