ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ,,მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019" გაიმართა

06.10.19

7 ივნისს, ამბროლაურმა მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლა.

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის / Leave No One Behind“, ხოლო მისი ორგანიზატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყო.

ღონისძიების ფარგლებში რაჭას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე-მზია გიორგობიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე-ზვიად ძიძიგური სტუმრობდნენ.

ფესტივალის მიმდინარეობისას ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა- ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდა - სპორტული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სახალისო სემინარები ტექნოლოგიებში, გამოფენები და საუბრები. დღის ბოლოს ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელშიც გაეროს სხვდასხვა პროექტში მონაწილე ფერმერები მონაწილეობდნენ.

ფესტივალი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ცნობილი მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამბროლაური მდგრადი განვითარების ფესტივალს მასპინძლობს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და ჩამომსვლელთა რაოდენობის გაზრდას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენი მხარე განვითარდეს. მე იმედი მაქვს რამდენიმე წელში რაჭა ხალხმრავალი და სიცოცხლით სავსე იქნება როგორც ზაფხულობით და დღესასწაულებზე, ისე წლის ნებისმიერ სეზონზე" - აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.