სოფ. გოგოლათში მასშტაბური სამუშაოები იგეგმება

06.26.19

19 ივნისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითად მიზანს, სოფ. გოგოლათის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების განხილვა წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 2 ივნისს, რაჭაში ვიზიტისას, მოსახლეობას სოფ. გოგოლათისთვის კუტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო.

დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ისე, რომ შენარჩუნდეს სოფლის იერ-სახე და აქ არსებული უნიკალური არქიტექტურა.

,,რაჭის ყველა სოფელი გამოირჩევა მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ტბებით თუ მღვიმეებით, უნიკალური არქიტექტურით... ჩვენი მიზანია მუმიციპალიტეტი განვითარდეს ისე, რომ არ დაირღვეს აქ არსებული ბუნებრივი სილამაზე. უკვე დასრულდა ამბროლაურის სივრცითი მოწყობისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა სოფ. გოგოლათს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი საქართველოში. ჩვენს მუნიციპალიტეტს განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება" - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.