ამბროლაურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები ხორციელდება

06.26.19

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამრბოლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე სოფლებში - ბოსტანა, ღვიარა და ძირაგეული - პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პარალელურად, რამდენიმე სოფელში შიდა გზების მოხრეშვის, ე.წ. ,,თავშეყრის ადგილების“ სარეაბილიტაციო და გარე განათების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და პრიორიტეტები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა.

მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვ.