ჯორჯ კობის მშობლიური სოფელი თხმორი

08.09.19

მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ცნობილი ქართველი გამომგონებლის გრიგოლ კობახიძის - იგივე ჯორჯ კობის მშობლიურ სოფელ თხმორში, მის მიერ სოფლისთვის ნაჩუქარი ერთ-ერთი შენობა დაათვალიერეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ კობი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, როდესაც რაჭიდან წავიდა, ის აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭრო ობიექტები… ხელმძღვანელებმა აღნიშნული შენობის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კობის ფსევდონიმით ცნობილი რაჭველი გამომგონებელი, იმ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც სახელი მსოფლიო მასშტაბით მოიხვეჭეს და საკუთარი გამოგონებები კომერციულად მომგებიანი გახადეს.

გრიგოლ კობახიძე ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფუძნდა და დიდი აღიარება მოიპოვა. თავდაპირველად მან „ჯენერალ ელექტრიქსში“ დაიწყო მუშაობა, სადაც საწერი კალმები გააუმჯობესა, მათზე პატენტიც აიღო და საკანცელარიო მაღაზია გახსნა. მოგვიანებით მასაჩუსეტსის შტატში დააარსა კომპანია „კობი გლეს პროდაქტსი“ და გახსნა მინის საწარმო ქარხანა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კობახიძის კომპანია იყო პირველი, რომელმაც ამერიკაში დაიწყო ნაძვის ხის მინის სათამაშოების წარმოება და ამით დიდ წარმატებას მიაღწია.

გრიგოლ კობახიძის მშობლიურ სოფ. თხმორში, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დაგეგმილია ძველი შენობის აღდგენა და მოწყობა, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.