მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

02.12.20

11 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გორის, ახალსოფლის, იწის, ველევის, კვირიკეწმინდის, ბეთლევის, შხივანის, სხარტალის, წკადისისა და ხოტევის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
სოფელ გორში პრიორიტეტად განისაზღვრა ბეტონსაფარიანი გზის მოწყობა; სოფელ ახალსოფელში სასოფლო გზის რეაბილიტაცია და გარე განათება; სოფელ იწაში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ შხივანაში წისქვილის რეაბილიტაცია; სოფელ სხარტალში გარე განათება და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება. ხოლო დანარჩენ სოფლებში უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიენიჭა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.