მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

02.27.20

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს "მილიონიანი ფონდი" საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება.საგრანტო კონკურსის შესახებ ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ საინფორმაციო ტურნეს ახორციელებს და ათივე რეგიონში ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.
ტურნეს ფარგლებში, 26 თებერვალს, ამბროლაურში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აღნიშნული შესაძლებლობის ირგვლივ.
სააგენტოს მილიონიანი ფონდიდან საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.
რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.
საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაცის,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო, საგრანტო წინადადებების შეტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე : Youthplatform.gov.ge.
საკონტაქტო პირი: მარიამ ქებაძე,
ტელ: 591 22 44 57