ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები ხორციელდება

10.08.20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

,,მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობასა და სხვადასხვა შეღავათით უზრუნველყოფას.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, შემუშავებულია სამედიცინო პროგრამებიც, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებული და სხვა კატეგორიის ოჯახების დახმარება...

ჩვენ ვცდილობთ მერიის მიერ შემუშავებულ პროგრამებში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის პრობლემები და არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტ, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეს დავეხმაროთ" -აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.