,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

02.19.21

19 თებერვალს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, სოფ. ნიკორწმინდის, სოფ. ხვანჭკარისა და სოფ. სადმელის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებთან კონსულტაციები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა.

აღნიშნულ სოფლებში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა განისაზღვრა. პარალელურად, სოფ. სადმელის მოსახლეობამ განსახორციელებელ პროექტად სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია შეარჩია, სოფ. ნიკორწმინდაში კი უპირატესობა წყლის მარეგულირებელი მოწყობილობის დამონტაჟებას მიენიჭა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.