,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

03.09.21

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელში იმყოფებოდნენ.

 ადგილობრივებთან კონსულტაციები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა.

სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა განისაზღვრა. გარდა ამისა, განსახორციელებელ პროექტებად შეირჩა შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, გაბიონებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება.

,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში". - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 19 თებერვლიდან 5 მარტამდე მიმდინარეობდა.