მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

03.30.21

29 მარტს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე უძღვებოდა.

შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზემდამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს პროექტების მიმდინარეობაზე და აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში აქტიური სამუშაოები დაიწყება როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილ, ისე სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

თათბირზე ასევე განიხილეს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 350-ზე მოქალაქეს უკვე გაეწია საჭირო დახმარება.

საუბარი შეეხო კოვიდ-19 -ის მიმდინარეობასაც. ზვიად მხეიძემ დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ გაგრძელდეს ორგანიზაციების პერიოდული მონიტორინგი, რათა მაქსიმალურად მოხდეს შემუშავებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა.

მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,მუნიციპალიტეტის წარმატება პირდაპირ კავშირშია თითოეული სამსახურის საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე. გთხოვთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები, ყურადღება გაამახვილოთ ზოგიერთი მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და ვიზრუნოთ მათ დროულ მოგვარებაზე." - მიმართა ზვიად მხეიძემ თანამშრომლებს.