ქ. ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი აშენდება!

10.04.21

 ქ. ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი აშენდება!
 დასრულდა ქ. ამბროლაურში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, მდ. კრიხულას სანაპიროზე, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტირება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.
 პროექტით გათვალისწინებულია მდ. კრიხულას მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილი იქნება რეგიონალური დანიშნულების მქონე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, მათ შორის ხელოვნებისა და ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვებისათვის, ინტელექტუალური და ლიტერატურული კონკურსების, ასევე რეგიონალური დანიშნულების პროექტების პრეზენტაციისთვის და ტრენინგ-სემინარების ჩასატარებლად.
 პროექტი ასევე ითვალისწინებს საპარკინგე ტერიტორიის (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, სკვერის, კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების მოწყობას, ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობი სივრცეების შექმნას.
 ახალი, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამბროლაურის, არამედ რეგიონის მოსახლეობისთვისაც.
 შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.
 სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყება და ამავე წელს დასრულდება.