სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

03.09.22

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივებთან კონსულტაციები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა.

სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაკეთება და კონკრეტული სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები შეირჩა.

,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში". - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 25 თებერვლიდან 5 მარტამდე მიმდინარეობდა.