რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა ქევანიშვილთან და მერის მოადგილეებთან ასლან საგანელიძესთან და თამარ ქევანაშვილთან ერთად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სამსახურებში არსებული მდგომარეობა, იმსჯელეს ცალკეული მიმართულებებით გამოვლენილ ხარვეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში ზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილ და განსახორციელებელ აქტივობებზე.
ქრისტინა კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე გაამახვილა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ხაზი გაუსვა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის მნიშვნელობას.
ამასთან, ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული აღდგენისა და მოწესრიგების მნიშვნელობას. ასევე, განიხილეს დასუფთავების სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების, ა(ა)იპ-ების შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვის, სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების არსებული მდგომარეობის შეფასებისა და გამოვლენილი პრობლემების ეტაპობრივად აღმოფხვრის საკითხები.
ქრისტინა კობახიძემ ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებზე, მათი ორგანიზების მნიშვნელობასა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს სამსახურების ხელმძღვანელებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს და იმ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც შესაბამისი მიმართულებებით უახლოეს პერიოდში იგეგმება.